მუკალტინი შუშხუნა ფხვნილი №10 პაკ

გამოყენების ინსტრუქცია
„მუკალტინი”
„MUCALTIN”

კომბინირებული პარასამკურნალო საშუალება

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.
წამლის ფორმა: შუშხუნა ფხვნილი პაკეტებში.
ერთი პაკეტის შიგთავსის შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანციები: მუკალტინი (ტუხტის მიწისზედა ნაწილების მშრალი ექსტრაქტი) – 50მგ; პიტნის ზეთი _ 5,77მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლიმონმჟავა, ლაქტოზა, სახარინი, მარწყვის არომატიზატორი, პოლივინილპიროლიდონი, პოლიეთილენგლიკოლი.
პრეპარატი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: პოლისაქარიდებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, კემპფეროლი), კუმარინებს, ანთოციანებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის), ჩ ვიტამინს, პექტინოვან ნივთიერებებს, კაროტინს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: „მუკალტინი”-ს შუშხუნა ფხვნილი ხასიათდება ამოსახველებელი, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
პრეპარატის ამოსახველებელ ეფექტს უზრუნველყოფს ტუხტის მიწისზედა ნაწილების მშრალი ექსტრაქტი – მუკალტინი, რომელიც აძლიერებს ბრონქების ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელიუმს წამწამების მოძრაობას და ბრონქული ლორწოს სეკრეციას, იწვევს ნახველის გათხევადებას და აიოლებს მის გამოდევნას სასუნთქი გზებიდან.
პიტნის ზეთი ხასიათდება ბაქტერიციდული, ანტიმიკრობული, ამოსახველებელი მოქმედებით, ხსნის სპაზმს, ამიტომ აძლიერებს მუკალტინის ფარმაკოლოგიურ აქტივობას, გაცივების სიმპტომების დროს ამცირებს სასუნთქი გზების ანთებით პროცესებს, სურდოს.
პრეპარატს გააჩნია ლორწოვანი გარსების დამარბილებელი მოქმედება, რითაც ამცირებს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ანთებით პროცესს და აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას.
ფარმაკოკინეტიკა: აბსორბციის ხარისხი დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე, უპირატესად შეიწოვება თორმეტგოჯა და წვრილი ნაწლავიდან.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს:
· ბრონქიტი;
· პნევმონია;
· ბრონქოექტაზია;
· ტრაქეიტი;
· ლარინგიტი;
· ანგინა;
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად, საკვების მიღების წინ.
შუშხუნა ფხვნილი უნდა გაიხსნას 100მლ თბილ წყალში.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ: 1-2 პაკეტის შიგთავსი 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 1/4 – 1/2 პაკეტის შიგთავსი 1 – 4 – ჯერ დღეში;
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 1/2 – 1 პაკეტის შიგთავსი 1 – 4 – ჯერ დღეში;
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 1 პაკეტის შიგთავსი 1 – 4 – ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 7-15 დღე მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატში მარწყვის არომატიზატორის არსებობის გამო, შეიძლება ინდივიდუალურად გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება.
უკუჩვენება: ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ჭარბი დოზირება: ინფორმაცია პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ არ მოიპოვება.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის მიღება შესაძელებლია სხვა ამოსახველებელ საშუალებებთან ერთად.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს გავლენას.
გამოშვების ფორმა: შუშხუნა ფხვნილი პაკეტში. 10 პაკეტი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
შენახვა: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხ-ნი მე-12 კმ.
ტელ/ფაქს: +995 (032) 259-64-46; 259-57-90;