ნეოართრი 30მლ აეროზოლი

გამოყენების ინსტრუქცია
ნეოართრი ნეო
NEOARTHRI NEO
პარასამკურნალო საშუალება

წამლის ფორმა: სპრეი.
შემადგენლობა: (30მლ-ზე)
წიწაკის ნაყენი – 27 მლ
მენთოლი – 1,8 გ
დამხმარე ნივთიერება: პოლივინილპიროლიდონი.
აღწერილობა. ძლიერ ცხარე გემოს მქონე წითელი ფერის გამჭვირვალე სითხე, წიწაკის და მენთოლის დამახასიათებელი სუნით. დასაშვებია ნალექის არსებობა.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ხასიათდება ადგილობრივი გამაღიზიანებელი, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით.
პრეპარატის ფარმაკოლოგიური აქტივობა განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტების მიერ კანის რეცეპტორების გამაღიზიანებელი მოქმედებით, რაც იწვევს რეფლექტორულ რეაქციებს.
წიწაკის ნაყენი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს, უპირატესად ალკალოიდ კაპსაიცინს, რომელიც განსაზღვრავს პრეპარატის ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას და ჯანმრთელი კანის ზედაპირზე დატანისას იწვევს სითბოს შეგრძნებას.
მენთოლი ასტიმულირებს სიცივის შეგრძნების რეცეპტორებს და ამცირებს ტკივილს. სიცივის პირველადი შეგრძნება მალე იცვლება სითბოს შეგრძნებით.
ჩვენებები: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. ართრიტები, პლექსიტი, რადიკულიტი, მიოზიტი, მიალგია, ტენდოვაგინიტი.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება: არ შეიძლება პრეპარატის დატანა, თუ დარღვეულია კანის ზედაპირის მთლიანობა!
მოერიდეთ ხსნარის მოხვედრას თვალში და ლორწოვან გარსებზე. აღნიშნულ შემთხვევაში ხსნარი დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
მენთოლისადმი მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი.
გამოყენების წესი და დოზირება: შეასხურეთ ხსნარი მტკივნეულ ადგილზე. ხსნარის შეშრობის შემდეგ მტკივნეული ადგილი თბილად შეიხვიეთ (2-3-ჯერ დღეში).
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ორსულობა და ლაქტაცია: ,,ნეოართრი ნეო”-ს გამოყენება დასაშვებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 30მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ფლაკონში გამფრქვევით.
მეორეული შეფუთვა: 1 ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის წესი: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.
საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90