პარასამკურნალო საშუალება
ნეოციდი
NEOCID
გამოყენების ინსტრუქცია
საერთაშორისო სახელწოდება: კალციუმის კარბონატი + მაგნიუმის კარბონატი. (Calcium carbonate+Magnesium carbonate)
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მინერალური წარმოშობის ანტაციდური საშუალება.
წამლის ფორმა: საღეჭი ტაბლეტები.
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: კალციუმის კარბონატი 680მგ, მაგნიუმის კარბონატი 80მგ.
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, ნატრიუმის საქარინატი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოლივინილპიროლიდონი, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი, პიტნის ზეთი, ლიმონის არომატიზატორი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
,,ნეოციდი” ანტაციდური და გასტროპროტექტორული მოქმედების მქონე ფარმაკოლოგიური საშუალებაა. ნეოციდის აქტიური კომპონენტები – კალციუმის და მაგნიუმის კარბონატი კუჭში მოხვედრისას ქიმიურ რეაქციაში შედის კუჭის წვენის მარილმჟავასთან, ანეიტრალებს მას კალციუმისა და მაგნიუმის ხსნადი მარილებისა და წყლის წარმოქმნით. მაგნიუმის ზემოქმედებით იზრდება ლორწოს წარმოქმნა, რაც განაპირობებს კუჭის უჯრედების დაცვას მარილმჟავას მავნე ზემოქმედებისაგან. კუჭის მომატებული მჟავიანობისა და ტკივილის დროს ,,ნეოციდი” ახდენს სწრაფ და გახანგრძლივებულ თერაპიულ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატის ეფექტი ვლინდება მიღებიდან 3-5 წთ-ის განმავლობაში, რაც განპირობებულია ტაბლეტების კარგი ხსნადობითა და კალციუმის მაღალი შემცველობით.
კალციუმისა და მაგნიუმის აბსორბციის ხარისხი დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე. აბსორბციის მაქსიმალური დონე კალციუმისთვის შეადგენს 10%-ს, მაგნიუმისთვის – 15-20%. შეწოვილი კალციუმისა და მაგნიუმის მცირე რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებით. თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ექსკრეცია მცირდება და შეიძლება გაიზარდოს კალციუმის და მაგნიუმის დონე პლაზმაში. კუჭის წვენთან ურთიერთქმედების შედეგად მიღებული კალციუმისა და მაგნიუმის ხსნადი მარილები ნაწლავში წარმოქმნიან უხსნად ნაერთებს, რომლებიც გამოიყოფა ფეკალიებთან ერთად.
გამოყენების რეკომენდაცია: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
კუჭის მომატებული მჟავიანობის შესამცირებლად.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, თუ ექიმის მიერ არ არის სხვა დანიშნულება, მიიღება 1-2 ტაბლეტი კუჭის მომატებული მჟავიანობის შესამცირებლად: ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ან გაჩერდეს პირის ღრუში სრულ გაწოვამდე.
აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება განმეორებით მიღება 2 საათის შემდეგ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 16 ტაბლეტს.
განსაკუთრებული მითითებები: პარასამკურნალო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდირებული ხანგრძლივად.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის დანიშვნისას აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ,,ნეოციდი” შეიცავს 61მგ შაქარს.
გვერდითი მოვლენები: რეკომენდირებული დოზებით მიღებისას ნეოციდი კარგად გადაიტანება, თუმცა შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები, დიარეა.
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით ნეოციდის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალცემიისა და ჰიპერმაგნემიის განვითარება.
უკუჩვენება:
· მომატებული მგრძნობელობა ნეოციდში შემავალი კომპონენტების მიმართ;
· თირკმელების მწვავე უკმარისობა;
· ჰიპერკალციემია;.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ნეოციდის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით. რეკომენდებული დოზებით მიღება არ უქმნის საფრთხეს ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობას.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ნეოციდის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ერთდროული მიღებისას ,,ნეოციდ”-მა შეიძლება შეცვალოს სხვა სამკურნალო საშუალებების აბსორბციის სიჩქარე და კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ამიტომ, რეკომენდირებულია სხვა პრეპარატების მიღება მოხდეს 1-2 საათიანი ინტერვალით.
ერთდროული მიღებისას ,,ნეოციდი” ამცირებს ინდომეტაცინის, სალიცილატების, H2-ჰისტამინობლოკატორების, β-ადრენობლოკატორების, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების, რკინის შემცველი პრეპარატების აბსორბციას. აძლიერებს სულფადიაზინის, ლევოდოფას, აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედებას.
დოზის გადაჭარბება: ნეოციდის დიდი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალცემიის, ჰიპერმაგნემიის, ალკალოზის განვითარება, რაც ვლინდება გულისრევით, ღებინებით, კუნთების სისუსტით.
აღნიშნულ შემთხვევაში ნეოციდის მიღება უნდა შეწყდეს. ნაჩვენებია სიმპტომური მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 10 ტაბლეტი ბლისტერზე.
მეორეული შეფუთვა: 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ნეოციდის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25oC ტემპერატურის პირობებში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.