ნეოსილი (ნიმესულიდი) 100მგ №20 ტაბ

გამოყენების ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალება
ნეოსილი
NEOSILI

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
წამლის ფორმა: ტაბლეტები.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ნიმესულიდი – 100მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სორბიტი, ტალკი, კალციუმის სტეარატი, პოლივინილპიროლიდონი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ნიმესულიდი წარმოადგენს სულფონანილიდების ჯგუფის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა-2-ის შერჩევითი კონკურენტული ინჰიბირებით, რომელიც თრგუნავს პროსტაგლანდინების – შეშუპების, ანთების და ტკივილის მედიატორების სინთეზს.
გარდა ამისა, პრეპარატი თრგუნავს ხრტილოვანი ქსოვილის დამშლელი ფერმენტების (კოლაგენაზა, სტრომელიზინი, ელასტაზა) სინთეზს, რითაც აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანებას და ხელს უწყობს მისი სინთეზის რეგულირებას.
ფარმაკოკინეტიკა: შიგნით მიღების შემდეგ ნიმესულიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს შეწოვის ხარისხის შეუცვლელად. სისხლის პლაზმაში ნიმესულიდის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 1,5-2,5 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი მოქმედება გრძელდება დაახლოებით 6 საათის მანძილზე. ნიმესულიდის 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს, აქტიურად მეტაბოლიზირდება ღვიძლში, მეტაბოლიტების 80% გამოიდევნება შარდის მეშვეობით, ხოლო 20% – ფეკალურ მასებთან ერთად.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· სახსრებისა და კუნთების დაავადებები: სხვადასხვა გენეზის ოსტეოართრიტები, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ბურსიტი, ტენდინიტი;
· სხვადასხვა ეტიოლოგიის ტკივილი: თავის, კბილის, პოსტოპერაციული, პოსტტრავმული და სხვა;
· ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ოტოლარინგოლოგიაში;
· დისმენორეა (მტკივნეული მენსტრუაცია);
· ცხელებით მიმდინარე დაავადებები (კომბინირებულ თერაპიაში ჩართვის სახით).
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისადმი მაღალი მგრძნობელობა; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში; ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან გამოხატული დარღვევები; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ბავშვები 12 წლამდე.
მიღების წესი და დოზირება: ნეოსილი მიიღება პერორალურად, საკვების მიღების შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
რეკომენდირებული დოზა შეადგენს 100მგ-ს (ერთი ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში. პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ეფექტურობის გათვალისწინებით შესაძლებელია დოზა გაიზარდოს 200მგ-მდე 2-ჯერ დღეში. ასაკოვან პაციენტებში დოზის შერჩევა-შემცირება ხდება ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
,,ნეოსილი” უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. 12 წლის ზემოთ ბავშვებში მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებულია რაც შეიძლება მცირე პერიოდის განმავლობაში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი (არაუმეტეს 15 დღისა).
გვერდითი მოვლენები: ჩვეულებრივ ნეოსილი კარგად გადაიტანება, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა.
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.
იშვიათად შეიძლება განვითარდეს შარდვის შემცირება (ოლიგურია) სითხის შეკავებითა და ქსოვილების ადგილობრივი ან დიფუზური შეშუპებით.
ნეოსილმა, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, შეიძლება გამოიწვიოს სტივენს-ჯონსონის, ლაიელის სინდრომი, ასევე ანაფილაქსური რეაქციები.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
უსაფრთხოების ზომები: ნეოსილი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლის შემადედებელი სისტემის დარღვევით და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებით, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან ანტიაგრეგანტებს.
თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში საჭიროა ნიმესულიდის დოზა შემცირდეს გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით.
პრეპარატმა შესაძლოა ქსოვილებში სითხის შეკავება გამოიწვიოს, ამიტომ პაციენტებში გულის უკმარისობით ნიმესულიდის დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს.
ნეოსილი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოხატულია ასაკობრივი სისუსტე.
სიფრთხილის დაცვაა საჭირო ნეოსილისა და ანტიკოაგულანტების, დიურეზული საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, დიგოქსინის, ფენიტოინის, ლითიუმის პრეპარატების, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ციკლოსპორინის, მეთოტრექსატის ერთდროული დანიშვნისას.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ძილიანობა.
მკურნალობა სიმპტომურია, მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ნეოსილის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ძილიანობა, რაც გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: სიფრთხილის დაცვაა საჭირო ნეოსილისა და ანტიკოაგულანტების, დიურეზული საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, დიგოქსინის, ფენიტოინის, ლითიუმის პრეპარატების, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ციკლოსპორინის, მეთოტრექსატის ერთდროული დანიშვნისას, რადგან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მათ ურთიერთქმედებას.
შეფუთვა: პირველადი შეფუთვა: 10 ტაბლეტი ბლისტერზე;
მეორეული შეფუთვა: 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება 15-25ºC ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი”.

საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46; 259-57-90.